четверг, 5 января 2012 г.

საინგილო – ქართული სულის ციტადელი


(ამბიონი)

საინგილო კახეთის აღმოსავლეთით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მდებარეობს და კახის, ბელაქნის და ზაქათალას რაიონებისაგან შედგება. იგი ლანდშაფტურად კახეთის გაგრძელებას წარმოადგენს. საინგილოს ტერიტორია მოიცავს კახეთის, კავკასიონისა და ალაზნის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილს, შიურის დაბალ ქედსა და აჯინოურის ვაკეს. მისი ტერიტორიის სიგრძე 92 კოლომეტრია, ხოლო სიგანე – 45. მთლიანი ფართობი კი 3985 გვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

ტერმინი “ინგილო” მე-18 საუკუნეში გაჩნდა და მორჯულებულს, ახლად გამაჰმადიანებულს ნიშნავს თურქულად. საინგილო ისტორიული ჰერეთის აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს. არაგვისა და მტკვრის აღმოსავლეთით მდებარე საქართველოს, ისტორიულად კახეთი, კუხეთი და ჰერეთი ერქვა. კახეთი მხარის ჩრდილო ნაწილს ერქვა, კუხეთი დასავლეთს, ხოლო ჰერეთი – აღმოსავლეთს. ტერმინი “კუხეთი” მე-8-9 საუკუნეებში გაქრა, ხოლო ტერმინ “ჰერეთის” ხმარება მე-15 საუკუნიდან წყდება. საბოლოოდ მთლიან მხარეს კახეთი ეწოდა.

როგორც აღვნიშნეთ, საინგილო ისტორიული ჰერეთის აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს, ხოლო ჰერეთი ყოველთვის ქართული რეალობის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. მე-5 საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის ეპოქაში, ჰერეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო იყო. ამ დროს მოხდა მისი კულტურულ-ეკონომიკური აღზევება, დაარსდა მთელი რიგი ქალაქები, საეკლესიო კათედრები და აშენდა ეკლესია-მონასტრები. VIII-XI საუკუნეებში ჰერეთი პოლიტიკურად დამოუკიდებელია, ხოლო XI საუკუნიდან იგი კახთა და რანთა სამეფოს ნაწილი ხდება. ამ დროს კახთა და რანთა სამეფოს მეფეა კვირიკე III დიდი. მის სახელს უკავშირდება სამეფოს ადმინისტრაციული მოწყობა და საერისთავოებად დაყოფა. სულ შვიდი საერისთავო იყო, აქედან ოთხი უშუალოდ ჰერეთის ტერიტორიაზე: ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის. დღევანდელი საინგილოს ტერიტორიაზე იყო მაჭის საერისთავო. დავით აღმაშენებლის მეფობიდან XV საუკუნემდე ჰერეთი ერთიანი ქართული სამეფოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა (ერთიანი ქართული სამეფოს დაშლამდე). XV საუკუნიდან იგი კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის და წყდება ტერმინ “ჰერეთის” გამოყენებაც. ამ დროს უქმდება საერისთავოები და სამეფო იყოფა სამოურავოებად. მაჭის საერისთავოს ტერიტორიაზე წარმოიშვა წუქეტის, ელისენის და ჭაურის სამოურავოები.

XVI-XVII საუკუნეებიდან მთელი საქართველოსთვის მძიმე პერიოდი იწყება. სხვა მრავალ მტერთან ერთად, გააქტიურდნენ დაღესტნის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები, რომლებმაც მთელი აღმოსავლეთი საქართველო და აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი თარეშით აიკლეს. მათი შემოსევების გამანადგურებელი შედეგები კი ყველაზე მეტად, ისტორიული ჰერეთის ტერიტორიას, კერძოდ მის აღმოსავლეთ ნაწილს დაეტყო, განსაკუთრებით მაშინდელი წუქეთის, ელისენის და ჭაურის სამოურავოებს. ეს მოვლენა ლეკიანობის სახელით არის ცნობილი. ლეკიანობის შედეგები გამანადგურებელი იყო მთელი აღმოსავლეთი საქართველოსთვის. ამოწყდა და გაუკაცრიელდა უამრავი სოფელი, მოთარეშეებს მიჰქონდათ და მიჰყავდათ ყველა და ყველაფერი, სარჩო-საბადებლიდან დაწყებული, ადამიანებით დამთავრებული. ამ საშინელებას დაერთო დაღესტნელი ტომების ნელ-ნელა საქართველოს ძირძველ ტერიტორიაზე ჩამოსახლებაც, რამაც მთლიანად გადაშენების საფრთხე შეუქმნა ჰერეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს. თავდაპირველად ჩამოსახლებული დაღესტნელები, მკვიდრ ქართველობას სამსახურში უდგებოდნენ, მოგვიანებით კი დაიწყეს ქართველთა მიწების დასაკუთრება. ვახუშტის ცნობით XVI საუკუნეში აქ ლეკები უკვე მოსახლეობის შესამჩნერვ რაოდენობას წარმოადგენდნენ. თანდათანობით ადგილობრივი მემამულე ქართველობა მათ ყმობაში აღმოჩნდა. ამ ყოველივეს ირან-ოსმალეთი აქტიურად უჭერდა მხარს. უკანონოდ იქმნებოდა დოკუმენტაცია, რის შედეგადაც ქართველი ფეოდალების კუთვნილი მამულები ლეკებს უკანონდებოდათ.

1604 წელს შაჰ-აბასმა დაიბარა კახეთის მეფე ალექსანდრე და მას სამეფოს აღმოსავლეთი ნაწილი მოსთხოვა. ამ ტერიტორიაზე (დაახ. დღევანდელი კახის რაიონი) ჩამოყალიბდა ელისეს სასულთნო. ეს ტერიტორია შაჰმა გამაჰმადიანებულ ქართველ ვახვახიშვილს უბოძა და სულთნის პატივშიც აიყვანა. ხოლო ელისეს სასულთნოს დასავლეთით ლეკთა ინტენსიური ჩამოსახლების შედეგად წარმოიქმნა ჭარ-ბელაქნის თავისუფალი თემები. 1616 წელს შაჰ-აბასმა დიდი ლაშქრობა მოაწყო საქართველოს წინააღმდეგ. მიზანი საქართველოს გამაჰმადიანება და სრული დამორჩილება იყო. შაჰი დაუკავშირდა დაღესტნურ ტომებსაც და მათ კავკასიონის გადასასვლელების ჩაკეტვა დაავალა, რათა ქართველებს კავკასიონის მთებში თავის შეფარება ვერ მოეხერხებინათ. ლაშქრობის შედეგები კატასტროფული იყო მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოსთვის. ასი ათასზე მეტი ადამიანი ირანში იქნა გადასახლებული, ამოწყდა და გავერანდა მრავალი სოფელი. ამ მოვლენამ ყველაზე დამანგრეველი შედეგები აღმოსავლეთ კახეთზე იქონია. აქ თითქმის მთლიანად გაწყდა ქართული მოსახლეობა, რითაც კარგად ისარგებლეს ლეკებმა და ჩამოსახლება გაააქტიურეს, რის შედეგადაც მოსახლეობის უმრავლესობას უკვე ჩამოსახლებულები შეადგენდნენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საინგილოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი ადმინისტრაციული ერთეული: ელისეს სასულთნო – შაჰის დანიშნული სულთნით და ჭარ-ბელქნის თავისუფალი თემები, რომელიც აქ ჩამოსახლებულმა ლეკებმა შექმნეს. ქართული მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა, ქართველს არანაირი უფლება აღარ გააჩნდა. მიწას, რომელიც წარსულში მის საკუთრებას წარმოადგენდა, ამუშავებდა მხოლოდ ლეკური თემის თანხმობით. ქართველი ამ მიწისთვის გადასახადს იხდიდა, რომელსაც საქეშქილო გადასახადი ერქვა, ხოლო მიწას საქეშქილო მიწა. ამ მიწის პატრონი კი ლეკური თემი იყო. ქართველს მიწის შესანარჩუნებლად თემში გაწევრიანება უწევდა, რაც რჯულის შეცვლას და ფაქტობრივად გალეკებას ნიშნავდა. თემში შესვლა გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას გულისხმობდა, რაც შემდგომში შეიცვალა. თუმცა ქართველი თემშიც კი ყველაზე შეზღუდული უფლებებით სარგებლობდა. მათ, ვინც თემში არ შედიოდა ლეკები მხოლოდ იმიტომ არ აძევებდნენ მამაპაპისეული მიწიდან, რომ მუშახელი სჭირდებოდათ. მრავალმა ქართველმა ვეღარ გაუძლო ამ გასაჭირს და რჯული შეიცვალა. სწორედ მათ ეწოდათ “ინგილოები” ანუ ახლად გამაჰმადიანებულები. მრავალმა კი დატოვა საკუთარი სახლ-კარი და საქართველოს სხვა კუთხეს შეაფარა თავი. გადასახლების, გამიზნული ჩაგვრის და სისხლისღვრის შედეგად საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში ქართველობის თითქმის მთლიანად ამოვარდნა გამოიწვია, მრავალი გალეკდა, მრავალი სხვა კუთხეში გაიხიზნა, ძალიან ცოტა დარჩა ისეთი, ვინც რჯული არ დათმო და ქართველობის შენარჩუნებაც მოახერხა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს აღმოსავლეთი კედელი მოეშალა, ლეკებსაც ხელ-ფეხი უფრო გაეხსნათ თარეშისათვის, ამის შემდეგ უფრო ღრმად იჭრებოდნენ ქართულ ტერიტორიებზე. მიუხედავად ქართლ-კახეთის მეფეების დიდი მცდელობისა, მათი თარეშის ალაგმვა მაინც ვერ მოხერხდა. შემოსევები ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ შეწყდა. ქართველობა ითხოვდა ლეკთა თარეშის აღკვეთას და ქართული მიწა-წყლის დაბრუნებას. თუმცა თავდაპირველად რუსეთის იმპერია მაინცდამაინც დიდ მონდომებას არ იჩენდა ლეკთა ასალაგმად. მათ ჭარ-ბელაქნის თემებს პოლიტიკური შეუვალობაც კი მიანიჭეს. რუსეთის იმპერიამ ლეკთა წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების გატარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლეკები უკვე რუსული არმიის ნაწილებზე თავდასხმასაც აღარ ერიდებოდნენ და ამავდროულად ირან-ოსმალეთის წაქეზებით სრულ დაუმორჩილებლობას აცხადებდნენ.

ლეკთა თვითნებობას ბოლო 1830 წლის 17 თებერვალს მოეღო, როდესაც გენერალი პასკევიჩი ჯარით დაიძრა ჭარ-ბელაქნისკენ და სრულიად დაიკავა იგი. ამის შედეგად იმპერიის ხელისუფლებამ გააუქმა ჭარ-ბელაქნის პოლიტიკური შეუვალობა, ასევე ელისეს სასულთნო და მათ ტერიტორიებზე ჩამოყალიბდა ჭარ-ბელაქნის ოლქი.

ამ მოვლენების მიუხედევად სასიკეთო ძვრები არ მომხდარა ქართველთა სასარგებლოდ. არ შესრულდა ქართველთა მოთხოვნები, ქართული მიწების ლეკთაგან გასათავისუფლებლად და ქრისტიანების აღდგენის მხრივაც. 1840 წელს ჭარ-ბელაქნის ოლქი, ბელაქნის მაზრის სახელწოდებით საქრთველო-იმერეთის გუბერნიას შეუერთდა, თუმცა 1842 წელს იგი გამოყვეს და ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი უწოდეს. ამ უკანასკნელმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლკის შექმნამდე იარსება, ხოლო საქრთველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ის საქართველოს შემადგენლობაში შემოვიდა 1921 წლის 15 ნოებრამდე. 1921 წლის 5 ივლისს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს სსრ და აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკების წარმომადგენელთა კონფერენცია, რომელზეც განიხილეს სასაზღვრო ზოლის საკითხი, იმავე წლის 15 ნოემბერს კი საქართველოს სსრ და აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვრების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს სსრ რევკომის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარემ ბუდუ მდივანმა და აზერბაიჯანის სსრ-ს იმავე უწყების თავმჯდომარემ მურხატარ გაჯიზადემ. ამ შეთანხმების თანახმად ზაქათალის ოლქი (ყოფილი ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი), ყარა გარეჯის საძოვრები აზერბაიჯანის სსრ-ს გადაეცა.

ასე აღმოჩნდა საბოლოოდ საქართველოს ეს ისტორიული კუთხე მის საზღვრებს გარეთ. ასეთი ბედი ერგო საქართველოს ამ ულამაზეს და ძირძველ კუთხეს, რომელიც მთელი ისტორიის მანძილზე ქართული სამყაროს სისხლსა და ხორცს წარმოადგენდა მიუხედავად იმისა, იყო ის თუ არა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში. ტრაგიკული ისტორიის მანძილზე აქ მრავალჯერ ამოვარდა ქართული მოსახლეობა, თუმცა XVI საუკუნიდან დაწყებულმა ლეკიანობამ, უცხო ტომელების ჩამოსახლებამ და ირანელთა ლაშქრობებმა თითქმის გაქრობამდე მიიყვანა აქაური ქართველობა. რაც ყველაზე მძიმეა ისევ ქართველთა ღალატით, გულგრილობით და დაუდევრობით მამა-პაპათა სისხლით ნარწყავი მიწა ისევ უცხო ტომელთა ხელში დარჩა.

დღეს ქართველები საინგილოს სამივე რაიონში მკვიდრობენ, თუმცა ქრისტიანები მხოლოდ კახის რაიონის რამდენიმე სოფელში არიან და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ცდილობენ ქართული ადათ-წესებისა და სარწმუნოების შენარჩუნებას, არ ივიწყებენ ქართულ ენას და თავსაც ნამდვილ ქართველებად მიიჩნევენ, ისინი ხომ ბოლონი არიან, ვინც საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში ქართულ სულს აცოცხლებენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий