среда, 11 января 2012 г.



უცხოეთში მცხოვრები ქართველები ოფიციალურად „თანამემამულეები“ გახდებიან


04:07 04.12.2011
[ნიკა მეტრეველი]
პრესაგე.ტვ
უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს „თანამემამულის“ სტატუსი მიენიჭებათ - ეს ერთი დიდი ნაბიჯია საინგილოში (ჰერეთში), ფერეიდანში და ტაო–კლარჯეთში მცხოვრებთათვის. სტატუსის მინიჭებით სახელმწიფო აიღებს ერთგვარ ვალდებულებას, რომ იქაურების მიმდინარე ასიმილაცია არ დაუშვას.

„თანამემამულის“ სტატუსის მინიჭებას ახალ–ახალი მიზნობრივი პროგრამების შექმნა და განხორციელება უნდა მოჰყვეს. შედეგად, უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა ისტორიული სამშობლოს მხრიდან გვერდში დგომა უნდა იგრძნონ. ადგილობრივი ხელისუფლებებიც პატივისცემით უნდა მოეპყრონ კანონმორჩილი დიასპორის ელემენტარულ უფლებებს.

დავიწყოთ ფერეიდნელი თანამემამულეებისგან. იმავე სომხებისგან განსხვავებით, მათ ირანულ სკოლაში სწავლა–განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლება არ აქვთ. სხვათა შორის, ასეთივე მდგომარეობაში არიან ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანელებიც. ფერეიდნელების „გურჯობა“ ეჭვს არავისში იწვევს, თუმცა საქმე საქმეზე და საბუთებზე რომ მიდგება, ყველა „სპარსი“ ხდება.

ბოლო დროს იქ გარკვეული ძვრები არის, თუმცა - არცთუ თალშისაცემი. ვგულისხმობ ქართული ენის შემსწავლელი წრეების გახსნას, რაც ენის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის აშკარად არასაკმარისია. ფერეიდნელებს კვლავაც „ცისარტყელაში“ გაძრომა უწევთ, რომ გენი შეინარჩუნონ და შთამომავლებს გადასცენ.

ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ თურქეთშიც. ხელისუფლებებს შორის მეგობრული ურთიერთობების მიუხედავად, იქაურ ქართველები საკუთარ ენაზე განათლებას ასევე ვერ იღებენ. საქმე იქამდეა მისული, რომ ოჯახებშიც თურქულ ენაზე მეტყველებენ. თბილისში მყოფი ქართული წარმოშობის სტუდენტებიც კი ერთმანეთში ხშირად თურქულ ენაზე ურთიერთობენ.

ლოზუნგს “ოსმალეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა თურქია” - თავისი შედეგები მოაქვს. ქართულმა სახელმწიფომ თუ ამაზე ხმა არ ამოიღო და ამ მიმართულებით ქმედითი მუშაობა არ დაიწო, რამდენიმე მილიონი თანამემამულე სრული გაქრობის წინაშე დადგება. უდიდესი დიასპორის ასე გაწირვა კი სამომავლოდ ქართულ სახელმწიფოს კარგს არაფერს უქადის.

ეს იმ ფონზე, როდესაც თუნდაც ჩვენი მეზობელი სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოში თავიანთ დიასპორის ფაქტორს აქტიურად იყენებენ. ექსპერტები აღნიშნავენ,რომ თანამემამულეების დასაცავად აგრესიული ტონიც უნდა გამოვიყენოთ და ზოგ–ზოგიერთებს ევროპული ვალდებულებებიც შევახსენოთ.

ყველაზე მწვავედ პრობლემა მაინც საინგილოს ქართველებთან მიმართებაშა დგას. საქართველო–აზერბაიჯანის მეგობრობა ეჭვს არ იწვევს, თუმცა ჰერელებთან მიმართებაში ეს სამწუხაროდ არ იგრძნობა. 20 ათასამდე გამაჰმადიანებულ ინგილოს ნამდვილი წარმომავლობა დღემდე ვერ დაუმტკიცებია და ამ საქმეს საშველი არ ადგას.

სსრკ–ში ცხოვრებამ ის მაინც მოიტანა, რომ საინგილოში ქართული სკოლები და სექტორები ფუნქციონირებენ. ეს რომ არ ყოფილიყო, ტაო–კლარჯეთზე უარესი მდგომარეობა გვექნებოდა.

თუმცა, რაღა შორს წავიდეთ, ჰერეთშიც დღეს გვხვდება სოფლები, სადაც მხოლოდ ღრმადმოხუცებულებიღა საუბრობენ ქართულად. თავის დროზე იქ მშობლიურ ენაზე სკოლა არ გახსნეს და შედეგმაც სულ რაღაც ნახევარსაუკუნეში არ დააყოვნა.

კახის რაიონის ქრისტიანული აღმსარებლობის სოფლებში შედარებით დამაიმედებელი მდგომარეობაა. იქ სუფთა ქართული სკოლებია და ვერ გააუქმებენ. რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა ზაქათლის და ბელაქნის სოფლების შერეულ სკოლებში, სადაც ქართული სექტორები გაუქმების პირასაა. შერეულ ქართულ–აზერბაიჯანულ სკოლებში, მხოლოდ აზერბაიჯანული მოსამზადებელი კლასები ფუნქციონირებენ.

ამ საკითხზე „პრესაგე.ტვ“ უკვე წერდა და გამეორებას არ დავიზარებთ. საქმე გვაქვს აშკარად არამეგობრულ დამოკიდებულებასთან ადგილობრივი აზერბაიჯანული ადმინისტრაციის მხრიდან.

მარტივი სვლაა – მშობელს ხუთი წლის ბავშვი იძულებით აზერბაიჯანილ მოსამზადებელ კლასში მიჰყავს, რადგან ქართული ფიზიკურად არ არის. ამის შემდეგ კი ინგილო მშობელს მშობლიურ ენაზე გადაყვანას უკრძლავენ. შედეგია ის, რომ ქართულ სექტორზე კონტინგენტი წლიდან–წლამდე მცირდება და კუთხე კატასტროფისკენ მიექანება.

ეს საკითხი თბილისში, შესაბამისი ორგანოების წინაშე არაერთხელ დაისვა, თუმცა – უშედეგოდ. თავად ადგილობრივმა მასწავლებლებმა მოსწერეს თბილისში პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოებს, მაგრამ შედეგი – არავითარი. როგორც ჩანს, ქართველ ჩინოვნიკებსადა საინგილოში მცხოვრებ ქართველებს შორის აზერბაიჯანული ნავთობდოლარები დგანან.

რეალობა კი მართლაც საგანგაშოა. ზაქათლის სოფელ ალიაბადში ოთხი სკოლიდან მხოლოდ ორშია ქართული სექტორი და აქედან ერთი – გაქრობის პირასაა. იგივე მდგომარეობაა მოსულში და ბელაქნის ითითალაში. პრობლემებიც ანალოგიურია და მას დროული რეაგირება, კანონიერი მოთხოვნების დაყენება სჭირდება.

წარმოიდგინეთ, რა მოხდება, საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანულ სკოლებში მთელი მოსამზადებელი კლასი რომ გააუქმოს? რა მოჰყვება ამას ადგილობრივი დიასპორის და ბაქოს მხრიდან? თბილისს ასეთ რამ არასოდეს გაუკეთებია და არც უნდა გააკეთოს. თუმცა, ანალოგიური დამოკიდებულების მოთხოვნა, რატომღაც არ ხდება.

იგივე ეხება ეროვნული ნიშნით აღიარების თემას. მთელ აზერბაიჯანში „ინგილო“ და „გურჯი“ სინონიმებია და ეს არავისში ეჭვს არ იწვევს. საქმე საქმეზე რომ მიდგება, მათი წარმოშობის აღიარება არავის სურს. სხვაზე რა უნდა ვთქვათ, როდესაც ალიაბადის სკოლაში ჩასულმა ნაქეიფარმა ჩვენმა ელჩმა შარაშენიძემ ქართველ მასწავლებლებს თურქულ ენაზე საუბარი დაუწყო.

სანამ ვიღაცეების ბიზნესინტერესები უფრო მაღლა იდგება, ვიდრე ეროვნული მიზნები, მანამდე ზედ ალაზნის პირას მცხოვრები ქართველები თავს გარიყულად იგრძნობენ. მათი სრული ასიმილაცია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის უპასუხისმგებლობის და ბედოვლათბის ბრალი იქნება და არა ადგილობრივი ადმინისტრაციის.

Комментариев нет:

Отправить комментарий