среда, 11 января 2012 г.

ფერეიდანი (ვიკიპედია)


11.01.2012
ფერეიდანი ერთ-ერთი პროვინციაა ირანში, სადაც მე-17 საუკუნის დასაწყისში (1614-1617 წწ.) ირანის შაჰმა აბას I-მა საქართველოდან აყრილი ათასობით ქართველი (კახელი) ჩაასახლა. ასე შეიქმნა შუა ირანში ქართული სოფლები: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, შუღურეთი (ჩოღიურეთი), აფუსი (რუისპირი), სიბაჯი (ვაშლოვანი)...

ფერეიდანი ერთადერთი ირანული რაიონია, სადაც იძულებით გადასახლებულმა ქართველობამ დღემდე შეინარჩუნა ქართული ენა და ქართული ადათ-წესები. სხვა რაიონებში (ხორასანი, მაზანდარი, ფარსი...) ქართული მეტყველება აღარ ისმის. იქაური ქართველები თანდათან აითქვიფნენ ირანის სხვა ტომებში.

უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული მასალებით, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობას 12-14 ათასს შეადგენს. ისინი ფერეიდნულ კილოზე მეტყველებენ.


უცხოეთში მცხოვრები ქართველები ოფიციალურად „თანამემამულეები“ გახდებიან


04:07 04.12.2011
[ნიკა მეტრეველი]
პრესაგე.ტვ
უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს „თანამემამულის“ სტატუსი მიენიჭებათ - ეს ერთი დიდი ნაბიჯია საინგილოში (ჰერეთში), ფერეიდანში და ტაო–კლარჯეთში მცხოვრებთათვის. სტატუსის მინიჭებით სახელმწიფო აიღებს ერთგვარ ვალდებულებას, რომ იქაურების მიმდინარე ასიმილაცია არ დაუშვას.

„თანამემამულის“ სტატუსის მინიჭებას ახალ–ახალი მიზნობრივი პროგრამების შექმნა და განხორციელება უნდა მოჰყვეს. შედეგად, უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა ისტორიული სამშობლოს მხრიდან გვერდში დგომა უნდა იგრძნონ. ადგილობრივი ხელისუფლებებიც პატივისცემით უნდა მოეპყრონ კანონმორჩილი დიასპორის ელემენტარულ უფლებებს.

დავიწყოთ ფერეიდნელი თანამემამულეებისგან. იმავე სომხებისგან განსხვავებით, მათ ირანულ სკოლაში სწავლა–განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლება არ აქვთ. სხვათა შორის, ასეთივე მდგომარეობაში არიან ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანელებიც. ფერეიდნელების „გურჯობა“ ეჭვს არავისში იწვევს, თუმცა საქმე საქმეზე და საბუთებზე რომ მიდგება, ყველა „სპარსი“ ხდება.

ბოლო დროს იქ გარკვეული ძვრები არის, თუმცა - არცთუ თალშისაცემი. ვგულისხმობ ქართული ენის შემსწავლელი წრეების გახსნას, რაც ენის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის აშკარად არასაკმარისია. ფერეიდნელებს კვლავაც „ცისარტყელაში“ გაძრომა უწევთ, რომ გენი შეინარჩუნონ და შთამომავლებს გადასცენ.

ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ თურქეთშიც. ხელისუფლებებს შორის მეგობრული ურთიერთობების მიუხედავად, იქაურ ქართველები საკუთარ ენაზე განათლებას ასევე ვერ იღებენ. საქმე იქამდეა მისული, რომ ოჯახებშიც თურქულ ენაზე მეტყველებენ. თბილისში მყოფი ქართული წარმოშობის სტუდენტებიც კი ერთმანეთში ხშირად თურქულ ენაზე ურთიერთობენ.

ლოზუნგს “ოსმალეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა თურქია” - თავისი შედეგები მოაქვს. ქართულმა სახელმწიფომ თუ ამაზე ხმა არ ამოიღო და ამ მიმართულებით ქმედითი მუშაობა არ დაიწო, რამდენიმე მილიონი თანამემამულე სრული გაქრობის წინაშე დადგება. უდიდესი დიასპორის ასე გაწირვა კი სამომავლოდ ქართულ სახელმწიფოს კარგს არაფერს უქადის.

ეს იმ ფონზე, როდესაც თუნდაც ჩვენი მეზობელი სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოში თავიანთ დიასპორის ფაქტორს აქტიურად იყენებენ. ექსპერტები აღნიშნავენ,რომ თანამემამულეების დასაცავად აგრესიული ტონიც უნდა გამოვიყენოთ და ზოგ–ზოგიერთებს ევროპული ვალდებულებებიც შევახსენოთ.

ყველაზე მწვავედ პრობლემა მაინც საინგილოს ქართველებთან მიმართებაშა დგას. საქართველო–აზერბაიჯანის მეგობრობა ეჭვს არ იწვევს, თუმცა ჰერელებთან მიმართებაში ეს სამწუხაროდ არ იგრძნობა. 20 ათასამდე გამაჰმადიანებულ ინგილოს ნამდვილი წარმომავლობა დღემდე ვერ დაუმტკიცებია და ამ საქმეს საშველი არ ადგას.

სსრკ–ში ცხოვრებამ ის მაინც მოიტანა, რომ საინგილოში ქართული სკოლები და სექტორები ფუნქციონირებენ. ეს რომ არ ყოფილიყო, ტაო–კლარჯეთზე უარესი მდგომარეობა გვექნებოდა.

თუმცა, რაღა შორს წავიდეთ, ჰერეთშიც დღეს გვხვდება სოფლები, სადაც მხოლოდ ღრმადმოხუცებულებიღა საუბრობენ ქართულად. თავის დროზე იქ მშობლიურ ენაზე სკოლა არ გახსნეს და შედეგმაც სულ რაღაც ნახევარსაუკუნეში არ დააყოვნა.

კახის რაიონის ქრისტიანული აღმსარებლობის სოფლებში შედარებით დამაიმედებელი მდგომარეობაა. იქ სუფთა ქართული სკოლებია და ვერ გააუქმებენ. რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა ზაქათლის და ბელაქნის სოფლების შერეულ სკოლებში, სადაც ქართული სექტორები გაუქმების პირასაა. შერეულ ქართულ–აზერბაიჯანულ სკოლებში, მხოლოდ აზერბაიჯანული მოსამზადებელი კლასები ფუნქციონირებენ.

ამ საკითხზე „პრესაგე.ტვ“ უკვე წერდა და გამეორებას არ დავიზარებთ. საქმე გვაქვს აშკარად არამეგობრულ დამოკიდებულებასთან ადგილობრივი აზერბაიჯანული ადმინისტრაციის მხრიდან.

მარტივი სვლაა – მშობელს ხუთი წლის ბავშვი იძულებით აზერბაიჯანილ მოსამზადებელ კლასში მიჰყავს, რადგან ქართული ფიზიკურად არ არის. ამის შემდეგ კი ინგილო მშობელს მშობლიურ ენაზე გადაყვანას უკრძლავენ. შედეგია ის, რომ ქართულ სექტორზე კონტინგენტი წლიდან–წლამდე მცირდება და კუთხე კატასტროფისკენ მიექანება.

ეს საკითხი თბილისში, შესაბამისი ორგანოების წინაშე არაერთხელ დაისვა, თუმცა – უშედეგოდ. თავად ადგილობრივმა მასწავლებლებმა მოსწერეს თბილისში პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოებს, მაგრამ შედეგი – არავითარი. როგორც ჩანს, ქართველ ჩინოვნიკებსადა საინგილოში მცხოვრებ ქართველებს შორის აზერბაიჯანული ნავთობდოლარები დგანან.

რეალობა კი მართლაც საგანგაშოა. ზაქათლის სოფელ ალიაბადში ოთხი სკოლიდან მხოლოდ ორშია ქართული სექტორი და აქედან ერთი – გაქრობის პირასაა. იგივე მდგომარეობაა მოსულში და ბელაქნის ითითალაში. პრობლემებიც ანალოგიურია და მას დროული რეაგირება, კანონიერი მოთხოვნების დაყენება სჭირდება.

წარმოიდგინეთ, რა მოხდება, საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანულ სკოლებში მთელი მოსამზადებელი კლასი რომ გააუქმოს? რა მოჰყვება ამას ადგილობრივი დიასპორის და ბაქოს მხრიდან? თბილისს ასეთ რამ არასოდეს გაუკეთებია და არც უნდა გააკეთოს. თუმცა, ანალოგიური დამოკიდებულების მოთხოვნა, რატომღაც არ ხდება.

იგივე ეხება ეროვნული ნიშნით აღიარების თემას. მთელ აზერბაიჯანში „ინგილო“ და „გურჯი“ სინონიმებია და ეს არავისში ეჭვს არ იწვევს. საქმე საქმეზე რომ მიდგება, მათი წარმოშობის აღიარება არავის სურს. სხვაზე რა უნდა ვთქვათ, როდესაც ალიაბადის სკოლაში ჩასულმა ნაქეიფარმა ჩვენმა ელჩმა შარაშენიძემ ქართველ მასწავლებლებს თურქულ ენაზე საუბარი დაუწყო.

სანამ ვიღაცეების ბიზნესინტერესები უფრო მაღლა იდგება, ვიდრე ეროვნული მიზნები, მანამდე ზედ ალაზნის პირას მცხოვრები ქართველები თავს გარიყულად იგრძნობენ. მათი სრული ასიმილაცია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის უპასუხისმგებლობის და ბედოვლათბის ბრალი იქნება და არა ადგილობრივი ადმინისტრაციის.

понедельник, 9 января 2012 г.

დიასპორის მინისტრი ხვალ საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდება


[ინტერპრესნიუსი]
09-01-2012

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია ხვალ, დიასპორის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებულ საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიის სხდომათა დარბაზში გაიმართება. საზოგადოებრივი საბჭოს წევრები არიან ცნობილი ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები.

სახელმწიფო მინისტრი საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლობას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის დიზაინს გააცნობს. აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულია მხატვარ-ჰერალდიკოსი (სახელმწიფო გერბის ავტორი) მამუკა გონგაძე, რომელსაც ჯილდოს სახით 5000 ლარი გადაეცა.

საქართველოს უცხოურ დიასპორებში საპატიო წარმომადგენლები ეყოლება

18.10.2010
[ლელა ჩქარეული, პრესაგე.ტვ]
თბილისი უცხოურ დიასპორებში საპატიო წარმომადგენლებს დანიშნავს. ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებსა და დედასამშობლოს შორის დამაკავშირებელი ხიდის როლს შეასრულებენ. უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე ღირსეულ კადრებს მოითხოვს.

მთავრობის კანცელარიაში დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის თანამდებობის შემოღების საკითხზე იმსჯელეს. აღნიშნულთან დაკავშირებით დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია მინისტრის აპარატთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შეხვდა.

დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის თანამდებობის შემოღების მიზანს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის საქმიანობისთვის ხელშეწყობა, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება წარმოადგენს.

საპატიო წარმომადგენლის ფუნქციებში ქართულ დიასპორაში საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა, საქართველოსა და ქართულ დიასპორას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, სავაჭრო, ტურისტული, კულტურული, სპორტული და სხვა სახის ურთიერთობების განვითარების, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა შევა.

საპატიო წარმომადგენელი კოორდინირებას გაუწევს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროგრამების განხორციელებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატს ქართულ დიასპორაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და ქვეყანებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

შედარებით ძველი და ახალი ქართული დიასპორები ერის მოუშუშებელ ტკივილს წარმოადგენს. ამჯერად შორს რომ არ წავიდეთ, აქვე გვერდით საინგილოში მცხოვრები ქართველები სრული ასიმილაციის საფრთხის ქვეშ დგანან. 20 ათასზე მეტ გამაჰმადიანებულ ქართველს დღემდე ვერ დაუმტკიცებია საკუთარი ისტორიული წარმომავლობა.

საინგილოში სოციალურთან ერთად მეტად მწვავედ დგას ქართული სკოლის, ენის შენარჩუნების პრობლემა. დღემდე ზაქათალის და ბელაქნის სოფლების შერეულ, ქართულ–აზერბაიჯანულ სკოლებში მხოლოდ აზერბაიჯანული მოსამზადებელი კლასები ფუნქციონირებენ.

მშობელს 5 წლის ბავშვი იძულებით აზერბაიჯანულ მოსამზადებელ კლასში მიჰყავს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქართულ სექტორზე, პირველ კლასში გადაყვანა სასტიკად აკრძალული აქვს. ამის შედეგად წელს სექტემბერში სოფელ მოსულის სკოლის ქართულ სექტორზე მხოლოდ სამი ბავშვი მივიდა, რაც სრული კატასტროფის ტოლფასია. ქართული სექტორის გაუქმება კი ენის დაკარგვის დასაწყისს ნიშნავს.
ინგილო პედაგოგების, მშობლების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პრობლემა დღმდე არ გადაწყვეტილა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვემო ქართლში აზერბაიჯანულ სკოლებს, ენას განვითარების ყველა პირობა და შესაძლებლობა აქვთ.

ინგილო მშობლებს ეკრძალებათ შვილებისთვის ქართული წარმოშობის სახელების დარქმევა, აღარაფერს ვამბობთ ისტორიული გვარების აღდგენის შეუძლებლობაზე. ამ სამარცხვინო საკითხების ჩამოთვლა აქ შორს წაგვიყვანს.

თითოეული ასეთი დისკრიმინაციული საკითხი დიასპორის საპატიო წარმომადგენლის ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში „ძველ“ ქართულ დიასპორებში ასიმილაცია და კატასტროფა გარდაუვალია. ბევრმა ნახა ალბათ ფესტივალ „ჩვენებურებზე“ ჩამოსული ქართული წარმოშობის ახალგაზრდები რომლებიც სიტყვას ვერ ამბობდნენ ქართულად.

ამ სამარცხვინო პერსპექტივის თავიდან ასაცილებლად კი უპირველეს ყოვლისა დიასპორებში დღემდე კბილებით შენარჩუნებულ ქართულ სკოლებს, თუ სექტორებს უნდა მიექცეს ყურადღება. ის, რაც შენთან კანონიერად დაშვებულია და დაცულია, მეზობელ, მითუმეტეს მეგობრულ ქვეყანაში აკრძალული (უკანონოდ) და დამონებული არ უნდა იყოს. ჭეშმარიტი მეგობრობა კი ცალმხრივი წესით არ უნდა ვითარდებოდეს.

მუშაობა პირველ რიგში ამ საკითხით უნდა დაიწყოს და მერე გადავიდეს იმ თემებში, სადაც ქართული სკოლები დღემდე სანატრელია. ამ შემთხვევაში ტაო–კლარჯეთის და ფერეიდნის ქართულ დიასპორებს ვგულისხმობთ. ვიღაც იტყვის, რომ ეს შედარებით შორეული პერსპექტივაა, მაგრამ საშვილიშვილო საქმე ოდესმე ხომ უნდა დაიწყოს? დიასპორის საპატიო წარმომადგენელს აქაც ბევრი სამუშაო ექნება.

ე.წ. ახალ დიასპორას კი უშუალოდ მისი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი პრობლემები აწუხებს. არცერთი ადამიანი კარგი ცხოვრებისგან სამშობლოს არ დატოვებს (მითუმეტეს ათწლეულობით). სადაც, რა პირობებშიც არ უნდა იყვნენ, მათ საკუთარი სახელმწიფოსგან მაქსიმალური თანადგომის იმედი უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, ამ მხრივ დღეს არსებული რეალობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

ცნობისთვის, ადამიანთა გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეში სხვადასხვა მიზეზთა გამო საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა. საქართველო ერთ-ერთი საინტერესო ისტორიული მაგალითია, რომელმაც გადაიტანა მრავალგვარი ემიგრაცია: კულტურული, პოლიტიკური, სოციალური. აქედან პირველი ნებაყოფლობითი იყო, სხვები კი - იძულებითი.

კულტურული ემიგრაცია – იგი დაკავშირებული იყო ქართველი ხალხის კულტურულ-საგანმანათლებლო და რელიგიურ მოღვაწეობასთან ქვეყნის ფარგლებს გარეთ: პალესტინაში, სირიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში და სხვაგან. ამ ემიგრაციის შედეგაც აღმოცენდა ქართული კულტურის უძველესი კერები საზღვარგარეთ.

პოლიტიკური ემიგრაცია დაკავშირებული იყო საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ტრაგედიასთან და იგი რამდენიმე ტალღას მოიცავს:
პირველი მრავალრიცხოვანი ემიგრაცია, როდესაც საქართველო კულტურისა და ინტელექტისაგან დაიცალა, იყო ვახტანგ VI-ის დროს, 1724 წელს. იგი 1000 კაციანი ამალით წავიდა სამშობლოდან (მათ შორის იყვნენ: სულხან-საბა ორბელიანი, ვახუშტი ბატონიშვილი და მრავალი სხვა) და არცერთი მათგანი უკან არ დაბრუნებულა.

მეორე ემიგრაცია 1801 წელს შედგა, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა ალექსანდრე 1-ელმა და გასცა ბრძანება, რომ არც ერთი ბაგრატიონი არ დარჩენილიყო საქართველოში, რათა ტახტის რესტავრაცია შეუძლებელი ყოფილიყო. ამიტომ ალექსანდრე ბატონიშვილი სპარსეთში გადაიხვეწა და იქვე გარდაიცვალა. შემდეგ თეიმურაზ ბაგრატიონი გაემგზავრა, მაგრამ იგი ისევ ჩამოიყვანეს და პეტერბურგში გააძევეს. ცნობილია, აგრეთვე 1811 წლის იმერეთის ემიგრაცია, როცა სოლომონ II ტრაპიზონში გადაიხვეწა და იქვე გარდაიცვალა.

მესამე დიდი პოლიტიკური ემიგრაცია 1921 წლის თებერვალ-მარტში განხორციელდა. მთავრობა ბათუმში ჩავიდა და იქედან გასულმა გემმა გაიყვანა როგორც პოლიტიკოსები, ასევე მეცნიერები, მწერლები და ა.შ. დევნილმა პოლიტიკოსებმა ძირითადად საფრანგეთს შეაფარეს თავი, ნაწილობრივ ინგლისს. გენერალიტეტმა და სამხედრო პირებმა - პოლონეთს.

მეოთხე პოლიტიკური ემიგრაცია 1991-1992 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად ხელისუფლების დამხობამ გამოიწვია. ამგვარად აღმოჩნდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებში: ჩეჩნეთში, რუსეთში, უკრაინაში, ფინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, აშშ-ში - რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ამ ქვეყნებში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

სოციალური ემიგრაცია – უკანასკნელ ათწლეულში განხორციელებულ ემიგრაციას უფრო მეტად სოციალური ხასიათი ჰქონდა, რისი მიზეზიც გახდა საქართველოში პოლიტიკური კრიზისით, ეთნოკონფლიქტებით და გარდამავალი ეტაპით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სსრ კავშირის დაშლის წინ, ქართველთა 97% თავის სამშობლოში, საქართველოში ცხოვრობდა (და ამდენად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე „კონსოლიდირებული“ ერი იყო). ახლა კი სხვადასხვა შეფასებით ამ პერიოდში ქვეყნიდან გავიდა ნახევარი მილიონიდან მილიონამდე ჩვენი თანამემამულე და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

დღეისათვის მსოფლიოს ათობით ქვეყანაში არის ქართული დიასპორა. უცხოეთში მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილი აქტიურად არის ჩართული მიმღები ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამავე დროს ფართო მოღვაწეობას ეწევა ქართული კულტურის პროპაგანდისა და განვითარებისათვის: ქმნიან კულტურის ცენტრებს, აყალიბებენ ენის შემსწავლელ წრეებს, შემოქმედებით გაერთიანებებს და ა.შ.

საახალწლო ტრადიციები საქართველოში

03.01.2011
[მერაბ ბრეგაძე, პრესაგე.ტვ]

ახალი წლის ტრადიცია ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხავადსხვანაირია. ქართული ტრადიციის მიხედვით, თოვლის ბაბუა თეთრ ჩოხაში გამოწყობი წვერ-ულვაშიანი მომღიმარი კეთილი მოხუცია, რომელსაც ხურჯინი აქვს გადაკიდებული და ბავშვებს საჩუქრებს ჩუქნის.

საქართველოში ახალ წელი თოვლის ბაბუასთან ერთად მეკვლესთანაც ასოცირდება. ტრადიციის მიხედვით, მეკვლეებს დიდი მოწიწებით ირჩევენ. იგი პირველია ვინც ახალი წლის ღამეს შედის ოჯახში და მასპინძელს ხვავსა და ბარაქას უსურვებს. ცუდი ფეხის მქონე მეკვლის სახლში შემოშვება არ არის სასურველი.

ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. შემორჩენილი ცნობების მიხედვით, IV სუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX ასწლეულის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან-მარტიდან იწყება. იანვარში ახალი წლის დღესასწაული, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. იანვარში დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასთან ერთად ფეხს იკიდებს უამრავი წეს-ჩვეულება.

საახალწლო ტრადიციები

საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია – მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.

ახალ წელს საქართველოში ხშირად „ბასილის დღეს“ უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. „ბასილას კვერები.“

თუშეთი

ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებს. ამიტომ თუშებიც თავიანთ „წელწდობას“ მოწიწებით ეგებებიან.

საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს „ქრისტეს საგძალს“, კაცზე „ბაცუკაცს“ და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას – ძუძუები, ცხვრისას – დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და „კერის კვერს.“

საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!“

ხევსურეთი

ხევსურები ახალ წელს „წელწადს“ უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო.

ახალწელიწადს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ.

ფშავი

მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან „ნაყრს“ – ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: „წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო.“ ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და ხილს შეაჭმევს, „დააბერებს“ და ერთმანეთს ეტყვიან: „ეგრემც ტკბილად დამიბერდიო“. გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგებიან.

მესხეთ-ჯავახეთი

საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად გამოაცხობდნენ ბასილას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. შემდეგ აცხობდნენ: „ხარის ქედის“ მრგვალ კვერებს, ცხვრის „ბუჟუნას“, რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, „ბედის პური“ ცხვებოდა დიდი და შიგ ატანდნენ თეთრ აბაზიანს.

შემდეგ დიასახლისი აცხობდა „ბანის პურებს“ და „ქათამ-წიწილას“ პურებს, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის ნისკარტებს უკეთებდნენ. აცხობდნენ სამეურნეო იარაღების ბედის კვერებსაც.: ცელს, გუთანს, ძროხის ძუძუებს, პურის ორმოს, ქერისას და დიკისას.

ამის შემდეგ სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა.

მამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით; „ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმ. ბასილას მადლი.“

საინგილო (ჰერეთი)

საინგილოში საახალწლოდ დაამზადებენ ხონჩას; დააწყობენ ზედ პურებს, ლავაშს, დადგამენ ჯამით თაფლს, ერბოს, არაწით ღვინოს, ბამბის წითელ და თეთრ ძაფებს და სახლის-დიდთან ერთად წავლენ ვენახის საკვლევად. მივლენ ერთ კარგ მოსავლის მომცემ ვაზთან. სახლის უფალი ჯერ გასხლავს ვაზს, მერე ააგებს, ჭიგოების ჩარჭობის დროს ნიადაგს ღვინით მოალბობენ; იგივე უფროსი ვაზის ძირში დაკლავს წითელ ფრთოსან მამალს, წითელ ფრთებს მოაგლეჯს და ბამბის ძაფით ამ ფრთებს ჭიგოსა და ვაზზე მიაკრავს და თან იტყვის:

„ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა.“ თითო ლუკმა პურს ამოაწებენ თაფლსა და ერბოში, შეჭამენ, ცოტა ღვინოს მოსვამენ და შინ დაბრუნდებიან. ახალი წლის დღეს ინგილოებმა სადილი იციან ადრე. უფრო ქათმის წვენსა და ფლავს აკეთებენ. სადილად მოელიან გარეშე მეკვლესაც, რომელიც უნდა იყოს ვინმე ბედისგან დაუჩაგრავი, ან ნათესავი, ან ნაცნობი. მანამ მეკვლე არ ეწვევათ, არავის მიიღებენ სახლში.

გურია-სამეგრელო

გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს „კალანდა“ ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.

სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით „დააბერებს.“ საუზმის შემდეგ კი დაიწყება თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.

ახალწელიწადს გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან.

მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. ბოლოს ღორის თავს აიღებს, საწნახელს სამჯერ მიარტყამს და თან ყვირის: „აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს ღვინო და სხვებს ფურცელი“-ო. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართება და ოჯახის წევრებს ულოცავენ.

რაჭა

ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს „კერია-ბერია“-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას „მაკვრიელი“ ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით „შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის“, შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს „კერია-ბერია“-ს უნაწილებენ.

სვანეთი

ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებს დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ).“ სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.

ქართლი

ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე „დასაბერებლად“ თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში „აბრამიანს“ უწოდებენ.

ემბარგო ქართულენოვან სახელმძღვანელოებზე

27.09.2011
[ეკა ბასილაია, "რეზონანსი"]

საინგილოს ქართულ სკოლებში საქართველოდან შეტანილი ქართულენოვანი სახელმძღვანელოებით სწავლება აკრძალულია. უფრო მეტიც, კვირას საზღვრის გადაკვეთისას საინგილოელ მასწავლებელს სახელმძღვანელოები ჩამოართვეს, გუშინ კი სკოლებში ჩხრეკაც ჩატარდა და აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა 200-ზე მეტი ქართული სასწავლო წიგნი ამოიღეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, კვირას, ლაგოდეხთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, ზაქათალის რაიონის სოფელი ალიაბადის პირველი საშუალო სკოლის ქართული სექტორის დაწყებითი კლასების მასწავლებელს, ელინათა საფაროვას აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართული სახელმძღვანელოები ჩამოართვეს.

საფაროვას მესაზღვრეებმა მე-2 კლასის ქართული სახელმძღვანელოები, მათემატიკის სახელმძღვანელოს 54 ეგზემპლარი და ქართული სამუშაო რვეულები წაართვეს. მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება მიმართულია ქართული სექტორების დახურვისკენ იმ საბაბით, რომ ქართულ ენაზე სახელმძღვანელოები არ არსებობს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი აცხადებს, საზღვარზე წიგნების ჩამორთმევას კახის და ზაქათალის ქართული სექტორის სკოლებში ჩხრეკაც მოჰყვა, სკოლის დირექტორები უშიშროების განყოფილებაში წაიყვანეს და თათბირი ჩაუტარეს, რომ "მსგავსი რამ არ განმეორდეს".

გელა მთივლიშვილი: "ამ თემაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ამ თემაზე ლაპარაკს უფრთხიან. ეს ინფორმაციაც საინგილოში მყოფ ჩვენ კორესპონდენტს პირად საუბრებში უთხრეს, თორემ ტელეფონით ამ თემაზე ჩვენც არ გვესაუბრებიან. მშობლები ამბობენ, რომ დღევანდელი ფაქტი არ არის პირველი."

"ჩხრეკა სკოლებში დილის 11:00 საათზე დაიწყო. სკოლის დირექტორების თანდასწრებით საკლასო ოთახებში ჩამოიარეს და ქართული წიგნები ჩანთებიდან ამოიღეს. ჩხრეკის შემდეგ სკოლის დირექტორები უშიშროების განყოფილებაში დაიბარეს," - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი საინგილოდან.

ამავე ცნობის მიხედვით, აზერბაიჯანელი სამართალდამცავების მიერ ბავშვებისთვის ქართული სახელმძღვანელოების ჩამორთმევას მოსწავლეების მშობლებიც ადასტურებენ.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე დღის წინაც იყვნენ სკოლაში და მაშინ ქართულის წიგნი წაართვეს ჩემს ბავშვს. ეს წიგნები ისედაც ძლივს გადმოგვაქვს საზღვარზე, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გვიშლიან და თუ ნახეს, გვართმევენ. ამაზე საქართველოს განათლების სამინისტროსაც მივაწოდეთ ინფორმაცია და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოსაც, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია," - აღნიშნავს ერთ-ერთი მშობელი.

ა/ო "საქართველო ჩემი სამშობლოა" თავჯდომარე ალი ბაბაევი "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ "საქართველო-აზერბაიჯანის შეთანხმების თანახმად სასკოლო წიგნების საზღვარზე გადატანა და აზერბაიჯანის ქართულ სკოლებში ამ სახელმღვანელოებით სწავლება არ შეიძლება."

ალი ბაბაევი: "მინისტრების მოლაპარაკების შედეგად ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხრეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არც აზერბაიჯანიდან შემოვიდეს აზერბაიჯანულენოვანი სასკოლო წიგნები და არც კახსა თუ ზაქათალის ქართულ სკოლებში შევიდეს საქართველოდან ქართულენოვანი სასკოლო წიგნები.

"ახლა, აზერბაიჯანმა ქართულად თავად თარგმნა სახელმძღვანელოები და ამარაგებს იქაურ ქართულ სკოლებს. შემოტანა კი აღარ შეიძლება. საქართველოში დაბეჭდილი წიგნები აზერბაიჯანის განათლების სისტემის შესაბამისი არ არის და ამიტომაც გაცემულია განკარგულება, რომ იმ წიგნების შემოტანა არ შეიძლება."

"რაც შეეხება სკოლებში შესვლას და მასობრივად წიგნების ამოღებას, მსგავსი არაფერი ყოფილა. საიდან მოიგონეს ეს ინფორმაცია, არ ვიცი."

მისივე თქმით, აზერბაიჯანის მხარემ უკვე თარგმნა სასკოლო სახელმძღვანელოები ქართულად და მოსწავლეებიც ამ წიგნებით ისწავლიან, თუმცა პრობლემა საქართველოში არსებულ აზერბაიჯანულ სკოლებს აქვთ, რადგანაც საქართველო წელს აზერბაიჯანული წიგნებით აზერბაიჯანულენოვან სკოლებს ვერ მოამარაგებს და ამ თემაზე ბაქოშიც ექნება საუბარი.

ლაგოდეხთან მომხდარ ფაქტს საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოეხმაურა. დეპუტატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ კი განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს.

"ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით ამ საკითხით, რადგან საქართველოს მოქალაქის, მისი უფლებების დაცვა ყველა სახელმწიფო სტრუქტურის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვალეობაც არის. ჩვენ შესაბამისი სტრუქტურები მოგვაწვდიან დამატებით ინფორმაციას და რეაგირებაც იქნება შესაბამისი", - ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა ჯალაღანიამ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო პროტჟებსკაიამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ აზერბაიჯანელი სამართალდამცავების მიერ საინგილოს ქართულ სკოლებში ქართული სახელმძღვანელოების ამოღების შესახებ სამინისტროს ინფორმაცია არ აქვს.

"საინგილოს ქართული სექტორის სკოლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ ექვემდებარება. ისინი ქართულ სახელმძღვანელოებს თავად იძენენ და თვითონვე გადააქვთ აზერბაიჯანში. ამ პროცესში ჩვენ ჩართულები არ ვართ," - აღნიშნა პოტრჟებსკაიამ.

ჰერები კახში ქართული კულტურის ცენტრის აღდგენას ითხოვენ



19.03.2011
[მერაბ ბრეგაძე, პრესაგე.ტვ]

უკვე წელიწადნახევარია, რაც ჰერები (ინგილოები) კახში ქართული კულტურის ცენტრის აღდგენას ითხოვენ. ადგილობრივმა ქართველებმა შესაბამისი წერილით აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიმართეს. სამართლიან მოთხოვნაზე ადექვატური რეაგირება დღემდე არ მომხდარა.

კახის ქართული კულტურის ცენტრი 2009 წლის წლის 4 ოქტომბერს დაიწვა. შენობას ცეცხლი დილის ოთხ საათზე გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სამწუხაროდ, კახის რაიონის ადმინისტრაცია კულტურის ცენტრის აღდგენას და ქართველებისთვის დაბრუნებას აღარ აპირებს. სავარაუდოდ, ცენტრის ადგილს სხვა დანიშნულების ახალი ნაგებობა დაიკავებს. კახში მცხოვრებ ქართველებს კი კლუბის შენობას სთავაზობენ, რომელიც თითქმის მთლიანად გაპარტახებულია და მასში მუშაობა შეუძლებელია. ადგილობრივების ინფორმაციით, იქ არცერთი სკამი და მაგიდა არ დგას.

აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო პრობლემატური საკითხის გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობას, როგორც წესი, კახის ადგილობრივ ადმინისტრაციას აკისრებს და ამით ხელებსაც იბანს. ხოლო ადმინისტრაციას საინგილოს ქართველების კანონიერი მოთხოვნები ყურადღების ღირსადაც კი არ მიაჩნია. მათი ამგვარი დამოკიდებულება თბილისში „არამეგობრულ ჟესტად“ ფასდება. თუმცა ქართული მხარის რეაქცია, სამწუხაროდ ამაზე შორს არ მიდის.

ამის საპირისპიროდ, საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელების კულტურულ თვითმყოფადობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. აქ ფუნქციონირებს აზერბაიჯანული კულტურის ცენტრები, თეატრი, კლუბები, ბიბლიოთეკები, სკოლები და ა. შ. ბოლო ათწლეულებში ქვემო ქართლში მეჩეთები და სხვა რელიგიური დაწესებულებები აშენდა. ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი მცირე პრობლემა თბილისის და ბაქოს კონსტრუქციული განხილვის საგანი ხდება.

ამ დროს საინგილოში ქართული კულტურის ერთადერთ ცენტრს ხანძარი უჩნდება, რის შედეგადაც მას საერთოდ ართმევენ იქაურ ქართველებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ზაქათალის და ბელაქნის გამაჰმადიანებულ ინგილოებს ქართველებად საერთოდ არ აღიარებს და მათი სრული ასიმილაციისკენ ისწრაფვის. ამ ფონზე კახში ქართული კულტურის ცენტრის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კახის კულტურის ცენტრი 2001 წლის მაისში საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურის მინისტრებმა დააფუძნეს. საზეიმო გახსნისას ითქვა, რომ ამ კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ყოველთვის ქართული ჰანგების ხმა უნდა ისმოდეს. სამწუხაროდ იმ დროიდან მოყოლებული აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კულტურის ცენტრის თანამშრომლების არცერთი საშტატო ერთეული არ დაამტკიცა. მათ ხელფასს არავინ უხდიდა. მუშაობა შიშველ ენთუზიაზმზე მიდიოდა.

კულტურის ცენტრის დირექტორი გივი ნადირაშვილი და თანამშრომელი მალხაზ ნუროშვილი ინგილო მოსწავლეებს ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლიდნენ. ცენტრში ქართული ცეკვის ფორმები და ჩოხებიც ჰქონდათ. თუმცა ცენტრს არანაირი დაფინანსება არ ჰქონია და მხოლოდ ეროვნული კულტურის სიყვარული ამოძრავებდათ.

ცენტრის ხელმძღვანელობასა და ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისულებას შორის თავიდანვე არსებობდა დაპირისპირება ცენტრის შენობასთან დაკავშირებით. რანდენიმე წლის წინ ადმინისტრაციამ კულტურის ცენტრის ორი ოთახი სოფელ კახინგილოს საკრებულოს გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის დირექტორი და თანამშრომლები ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

ერთ–ერთი გავრცელებული ვერსიით, ქართული კულტურის ცენტრის დაწვით კახის გამგეობა იყო დაინტერესებული. ცნობილი იყო, რომ მათ შენობის განადგურება, ხელში ჩაგდება და საცხოვრებელი სახლის აშენება უნდოდათ. მეორე ვერსიაა, რომ ხანძრით შეიძლება მესამე ძალა იყოს დაინტერესებული. ვინაიდან არსებობოს მცდელობები, რომ ხელოვნურად დაიძაბოს საქართველოსა და აზერბაიჯანის დღევანდელი კეთილმეზობლური ურთიერთობები.

რაც შეეხება კულტურის ცენტრის აღდგენას, როგორც უკვე მოგახსენეთ კახის აზერბაიჯანული ადმინისტრაცია შენობის აღდგენას და ქართველების დაბრუნებას აღარ აპირებს. ამის დასტურია კიდევ ერთი ფაქტი. ხანძრის გაჩენიდან მოკლე ხანში, იქ ადგილზე კახის პოლიციის უფროსის მოადგილე მივიდა და ქართულენოვანი აბრის ჩამოხსნა მოინდომა. სწორედ იმ აბრის, რომელზეც ეწერა, რომ იქ ქართული კულტურის ცენტრი ფუნქციონირებდა.

როდესაც მას იქაურმა ქართველებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ის წავიდა და შემთხვევის ადგილზე რაიონის კულტურის სამსახურის უფროსი მოიყვანა. მან უკვე მთლიანად ჩამოხსნა ეს აბრა და წაიღო. ადგილობრივმა ქართველებმა ჰკითხეს, თავის ადგილზე ყოფილიყო, რას გიშლიდათო. მან კი უპასუხა – ჩვენ არ გვინდა სხვებმა გაიგონ, რომ აქ ქართული კულტურის ცენტრი არსებობდა და დაიწვაო.

თუმცა რა უნდოდათ მათ რეალურად, ეს მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა. კახის ქართველები კულტურის ცენტრის ჩამორთმევით უკიდურესად აღშფოთებულნი და შეურაცხყოფილნი არიან. ისინი ამ საკითხში თბილისის მხრიდან თანადგომას მოითხოვენ, თუმცა შედეგი არ ჩანს.

„საქართველოს და აზერბაიჯანის მეგობრობა ცალმხრივი წესით არ უნდა ვითარდებოდეს. რამდენად კარგად ესმით ეს კახში და ბაქოში, ამას კახის ქართული კულტურის ცენტრის ისტორია გვიჩვენებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საინგილოს ქართველებს ისეთივე კონსტიტუციით გარანტირებული კულტურულ–საგანმანათლებლო უფლებები გვექნება, როგორც ეს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აქვთ“, – აცხადებენ ჰერები.

ზურაბ პაპიაშვილი, კახის მცხოვრები: „კულტურის სფერო, ფაქტიურად, აქ სრულიად მიტოვებულია. არ იმართება ქართული მუსიკის, პოეზიის საღამოები, მხატვრების გამოფენები. ადრე, ჩვენთან იყო იმის საშუალება, რომ მცირედით მაინც ყოფილიყო მსგავსი ღონისძიებები. მაგრამ, რაც ქართული კულტურის ცენტრი დაიწვა, კულტურული ცხოვრება სრულიად ჩაკვდა.

მე ვიცი, რომ საქართველოში აზერბაიჯანული კულტურის ბევრი ცენტრი მოქმედებს. საქართველომ შარშან გამოთქვა სურვილი, რომ საკუთარი ხარჯებით დააფინანსებდა კახში ქართული კულტურის ცენტის აღდგენას, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს შემოთავაზება უარყო და თითქოს საკუთარ თავზე აიღო ამ ცენტრის აღდგენა. სამწუხაროდ, დღეს კულტურის ცენტრის ადგილზე ისევ ისეთივე დანგრეული შენობაა.“

კახის ქართული კულტურის ცენტრის გუშინდელი და დღევანდელი მდგომარეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქვე: http://www.youtube.com/watch?v=Mvc_9IYDeys

დიღმის მასივში კაპიტან ერეკლე ყულოშვილის ობელისკი გაიხსნა


08.08.2010
[გეგა ბერიძე, პრესაგე.ტვ]

დიღმის მასივში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში თბილისის მერმა გიგი უგულავამ მეოთხე ქვეითი ბრიგადის არტილერიის მეთაურის, კაპიტან ერეკლე ყულოშვილის ობელისკი გახსნა.

ობელისკის გახსნას დაესწრნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, ქალაქის მთავრობისა და საკრებულოს წევრები. გახსნის ცერემონიალზე, ასევე, იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ერეკლე ყულოშვილის მეუღლე, მცირეწლოვან შვილთან ერთად.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის განცხადებით, ერეკლე ყულოშვილი ერთ-ერთი გმირთაგანი იყო, რომელმაც თავი სამშობლოსთვის გასწირა და ობელისკი, ყულოშვილის და მისი მეგობრების სახელის უკვდავსაყოფად გაიხსნა.

გიგი უგულავამ, ობელისკის გახსნის შემდეგ, მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე მდებარე ტაძარში გადაინაცვლა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს დაესწრო თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაიაც.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ტრაგიკულ ფურცლად ჩაიწერა; ამავე დროს, ეს ომი ქართველი ჯარისკაცებისა და ქართველი ერის გმირობის ისტორიაცაა. ქართველ მებრძოლებს შორის კაპიტანი ერეკლე ყულოშვილი ერთ–ერთი გამორჩეული იყო.

ერეკლე ყულოშვილი 1978 წელს თბილისში დაიბადა. 1995 წელს აზერბაიჯანის, კახის რაიონის (საინგილო) N1 ინტერნაციონალური სკოლა, 2000 წელს კი, საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია დაამთავრა (არტილერისტის სპეციალობით).

2000 წელს IV ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მართვის ოცეულის მეთაურად დაინიშნა. 2007 წელს IV ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მეთაურის მოადგილე გახდა. 2007 წელს ერაყში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა. 2008 წელს IV ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მეთაურად დაინიშნა.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით; მიღებული აქვს მედალი მხედრული მამაცობისთვის; 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერეკლე ყულოშვილი გმირულად დაიღუპა... დაღუპვის შემდეგ მას ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი მიენიჭა...

ერეკლე თანატოლებში სიცოცხლეშიც გამოირჩეოდა. წარმატებების მიუხედავად, ის უჩვეულოდ თავმდაბალი ადამიანი იყო. დივიზიონში კი, მკაცრი, შეუვალი და მტკიცე მეთაური. ერეკლეს სამხედრო ნაწილში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხშირად დასთენებია.

აღსანიშნავია, რომ მეოთხე ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის ჩამოყალიბება, სწორედ, მის სახელს უკავშირდება. ის საქართველოს სადარაჯოზე იდგა მუდამ, საქართველოსა თუ ერაყში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს.

თანამებრძოლებს შორის ერეკლე ყულოშვილი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. აგვისტოს ომში მან თავის დაქვემდებარებაში მყოფი საარტილერიო დივიზიონი ხეთაგუროვისა და ტყვიავის მხარეს ბოლომდე მიიყვანა. განახორციელა ზუსტი საარტილერიო დარტყმები და დროულად უზრუნველყო საცეცხლე წერტილების ჩახშობა.

ერეკლე საავიაციო დაბომბვის დროს დაიღუპა...

მის მშობლიურ კუთხეში, საინგილოში ერეკლეს გმირობის ისტორია არავის გაკვირვებია, მეტიც, სწორედ, მისგან ელოდნენ გმირობის მაგალითს, რომლის მიხედვითაც მომავალი თაობები აღიზრდებიან. ერეკლე ხომ თავადაც წინაპრების სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის მაგალითზე იზრდებოდა.

დარწმუნებულები ვართ, რომ ერეკლეს გმირული სულისკვეთება მის შვილს, ნიკოლოზ ყულოშვილს გადაეცემა, რომელიც მამის დაღუპვის შემდეგ დაიბადა...

საქართველოში, ალბათ, არ არსებობს ოჯახი, რომელსაც აგვისტოს ომი არ შეხებია. ოდითგან ასე იყო, ჩვენი სამშობლო მუდმივად გარეშე ძალთა საცილო ყოფილა... ამიტომაც ვართ თავგანწირული გმირების – ერეკლეს, თევდორე კველთელის, დიმიტრი თავდადებულის... ქვეყანა.

ერეკლეს გმირობის ისტორია რომ მოუსმენიათ, ინგილოებს უთქვამთ, ტყუილად ხომ არ დაურქმევიათ მისთვის ჩვენი სახელოვანი მეფის სახელი – ერეკლე... საქართველოს კიდევ ერთი გმირი ჰყავს – ერეკლე ყულოშვილი!

პრეზიდენტი სააკაშვილი: „მე მახსოვს კაპიტანი ერეკლე ყულოშვილი, რომელიც ღრმად შევიდა მოწინაღმდეგის რიგებში იმისათვის, რომ იმ მტრის განლაგების კოორდინატები გადმოეცა ჩვენი არტილერიისათვის, რომელიც მოიწევდა ქართული ხეობებისკენ. იმის გამო, რომ საქართველომ ბოლომდე შეასრულა ყველა საერთაშორისო ვალდებულება, მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული პოლიციით იყო დაცული. ხეობები და მათი მოსახლეობა გარშემორტყმული იყო და მათ გარდაუვალი განადგურება ემუქრებოდა. ერეკლე იქ შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო მისთვის.

ჩვენს არტილერიას კოორდინატები გადმოსცა, რამაც ჩვენს არტილერიას საშუალება მისცა ჩვენთვის ძალზე ძვირფასი რამდენიმე დღით შეეჩერებინა მტერი ქუფთის ხიდთან, რითაც იქაური მოსახლეობის სიცოცხლე იხსნა. მან კოორდინატები გადმოსცა, მაგრამ მან იცოდა, რომ ისე ღრმად იყო შესული, უკან ვერ დაბრუნდებოდა. მე მახსოვს ერეკლე და მუდამ მემახსოვრება...

იგი ვერ მოესწრო თავის პატარა ვაჟკაცის დაბადებას, რომელიც გმირი მამის გარდაცვალებიდან სამ თვეში მოევლინა ქვეყანას. ერეკლეს სიცოცხლე დასრულდა, მაგრამ მან ათეულობით ათასი სიხოცხლე გადაარჩინა საკუთარის სანაცვლოდ. მინდა ჩემი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ერეკლეს მეუღლის მეუღლის, ქარბატონი ნინო კანდელაკის მიმართ, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება“.

четверг, 5 января 2012 г.

საინგილო – ქართული სულის ციტადელი


(ამბიონი)

საინგილო კახეთის აღმოსავლეთით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მდებარეობს და კახის, ბელაქნის და ზაქათალას რაიონებისაგან შედგება. იგი ლანდშაფტურად კახეთის გაგრძელებას წარმოადგენს. საინგილოს ტერიტორია მოიცავს კახეთის, კავკასიონისა და ალაზნის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილს, შიურის დაბალ ქედსა და აჯინოურის ვაკეს. მისი ტერიტორიის სიგრძე 92 კოლომეტრია, ხოლო სიგანე – 45. მთლიანი ფართობი კი 3985 გვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

ტერმინი “ინგილო” მე-18 საუკუნეში გაჩნდა და მორჯულებულს, ახლად გამაჰმადიანებულს ნიშნავს თურქულად. საინგილო ისტორიული ჰერეთის აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს. არაგვისა და მტკვრის აღმოსავლეთით მდებარე საქართველოს, ისტორიულად კახეთი, კუხეთი და ჰერეთი ერქვა. კახეთი მხარის ჩრდილო ნაწილს ერქვა, კუხეთი დასავლეთს, ხოლო ჰერეთი – აღმოსავლეთს. ტერმინი “კუხეთი” მე-8-9 საუკუნეებში გაქრა, ხოლო ტერმინ “ჰერეთის” ხმარება მე-15 საუკუნიდან წყდება. საბოლოოდ მთლიან მხარეს კახეთი ეწოდა.

როგორც აღვნიშნეთ, საინგილო ისტორიული ჰერეთის აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს, ხოლო ჰერეთი ყოველთვის ქართული რეალობის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. მე-5 საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის ეპოქაში, ჰერეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო იყო. ამ დროს მოხდა მისი კულტურულ-ეკონომიკური აღზევება, დაარსდა მთელი რიგი ქალაქები, საეკლესიო კათედრები და აშენდა ეკლესია-მონასტრები. VIII-XI საუკუნეებში ჰერეთი პოლიტიკურად დამოუკიდებელია, ხოლო XI საუკუნიდან იგი კახთა და რანთა სამეფოს ნაწილი ხდება. ამ დროს კახთა და რანთა სამეფოს მეფეა კვირიკე III დიდი. მის სახელს უკავშირდება სამეფოს ადმინისტრაციული მოწყობა და საერისთავოებად დაყოფა. სულ შვიდი საერისთავო იყო, აქედან ოთხი უშუალოდ ჰერეთის ტერიტორიაზე: ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის. დღევანდელი საინგილოს ტერიტორიაზე იყო მაჭის საერისთავო. დავით აღმაშენებლის მეფობიდან XV საუკუნემდე ჰერეთი ერთიანი ქართული სამეფოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა (ერთიანი ქართული სამეფოს დაშლამდე). XV საუკუნიდან იგი კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის და წყდება ტერმინ “ჰერეთის” გამოყენებაც. ამ დროს უქმდება საერისთავოები და სამეფო იყოფა სამოურავოებად. მაჭის საერისთავოს ტერიტორიაზე წარმოიშვა წუქეტის, ელისენის და ჭაურის სამოურავოები.

XVI-XVII საუკუნეებიდან მთელი საქართველოსთვის მძიმე პერიოდი იწყება. სხვა მრავალ მტერთან ერთად, გააქტიურდნენ დაღესტნის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები, რომლებმაც მთელი აღმოსავლეთი საქართველო და აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი თარეშით აიკლეს. მათი შემოსევების გამანადგურებელი შედეგები კი ყველაზე მეტად, ისტორიული ჰერეთის ტერიტორიას, კერძოდ მის აღმოსავლეთ ნაწილს დაეტყო, განსაკუთრებით მაშინდელი წუქეთის, ელისენის და ჭაურის სამოურავოებს. ეს მოვლენა ლეკიანობის სახელით არის ცნობილი. ლეკიანობის შედეგები გამანადგურებელი იყო მთელი აღმოსავლეთი საქართველოსთვის. ამოწყდა და გაუკაცრიელდა უამრავი სოფელი, მოთარეშეებს მიჰქონდათ და მიჰყავდათ ყველა და ყველაფერი, სარჩო-საბადებლიდან დაწყებული, ადამიანებით დამთავრებული. ამ საშინელებას დაერთო დაღესტნელი ტომების ნელ-ნელა საქართველოს ძირძველ ტერიტორიაზე ჩამოსახლებაც, რამაც მთლიანად გადაშენების საფრთხე შეუქმნა ჰერეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს. თავდაპირველად ჩამოსახლებული დაღესტნელები, მკვიდრ ქართველობას სამსახურში უდგებოდნენ, მოგვიანებით კი დაიწყეს ქართველთა მიწების დასაკუთრება. ვახუშტის ცნობით XVI საუკუნეში აქ ლეკები უკვე მოსახლეობის შესამჩნერვ რაოდენობას წარმოადგენდნენ. თანდათანობით ადგილობრივი მემამულე ქართველობა მათ ყმობაში აღმოჩნდა. ამ ყოველივეს ირან-ოსმალეთი აქტიურად უჭერდა მხარს. უკანონოდ იქმნებოდა დოკუმენტაცია, რის შედეგადაც ქართველი ფეოდალების კუთვნილი მამულები ლეკებს უკანონდებოდათ.

1604 წელს შაჰ-აბასმა დაიბარა კახეთის მეფე ალექსანდრე და მას სამეფოს აღმოსავლეთი ნაწილი მოსთხოვა. ამ ტერიტორიაზე (დაახ. დღევანდელი კახის რაიონი) ჩამოყალიბდა ელისეს სასულთნო. ეს ტერიტორია შაჰმა გამაჰმადიანებულ ქართველ ვახვახიშვილს უბოძა და სულთნის პატივშიც აიყვანა. ხოლო ელისეს სასულთნოს დასავლეთით ლეკთა ინტენსიური ჩამოსახლების შედეგად წარმოიქმნა ჭარ-ბელაქნის თავისუფალი თემები. 1616 წელს შაჰ-აბასმა დიდი ლაშქრობა მოაწყო საქართველოს წინააღმდეგ. მიზანი საქართველოს გამაჰმადიანება და სრული დამორჩილება იყო. შაჰი დაუკავშირდა დაღესტნურ ტომებსაც და მათ კავკასიონის გადასასვლელების ჩაკეტვა დაავალა, რათა ქართველებს კავკასიონის მთებში თავის შეფარება ვერ მოეხერხებინათ. ლაშქრობის შედეგები კატასტროფული იყო მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოსთვის. ასი ათასზე მეტი ადამიანი ირანში იქნა გადასახლებული, ამოწყდა და გავერანდა მრავალი სოფელი. ამ მოვლენამ ყველაზე დამანგრეველი შედეგები აღმოსავლეთ კახეთზე იქონია. აქ თითქმის მთლიანად გაწყდა ქართული მოსახლეობა, რითაც კარგად ისარგებლეს ლეკებმა და ჩამოსახლება გაააქტიურეს, რის შედეგადაც მოსახლეობის უმრავლესობას უკვე ჩამოსახლებულები შეადგენდნენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საინგილოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი ადმინისტრაციული ერთეული: ელისეს სასულთნო – შაჰის დანიშნული სულთნით და ჭარ-ბელქნის თავისუფალი თემები, რომელიც აქ ჩამოსახლებულმა ლეკებმა შექმნეს. ქართული მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა, ქართველს არანაირი უფლება აღარ გააჩნდა. მიწას, რომელიც წარსულში მის საკუთრებას წარმოადგენდა, ამუშავებდა მხოლოდ ლეკური თემის თანხმობით. ქართველი ამ მიწისთვის გადასახადს იხდიდა, რომელსაც საქეშქილო გადასახადი ერქვა, ხოლო მიწას საქეშქილო მიწა. ამ მიწის პატრონი კი ლეკური თემი იყო. ქართველს მიწის შესანარჩუნებლად თემში გაწევრიანება უწევდა, რაც რჯულის შეცვლას და ფაქტობრივად გალეკებას ნიშნავდა. თემში შესვლა გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას გულისხმობდა, რაც შემდგომში შეიცვალა. თუმცა ქართველი თემშიც კი ყველაზე შეზღუდული უფლებებით სარგებლობდა. მათ, ვინც თემში არ შედიოდა ლეკები მხოლოდ იმიტომ არ აძევებდნენ მამაპაპისეული მიწიდან, რომ მუშახელი სჭირდებოდათ. მრავალმა ქართველმა ვეღარ გაუძლო ამ გასაჭირს და რჯული შეიცვალა. სწორედ მათ ეწოდათ “ინგილოები” ანუ ახლად გამაჰმადიანებულები. მრავალმა კი დატოვა საკუთარი სახლ-კარი და საქართველოს სხვა კუთხეს შეაფარა თავი. გადასახლების, გამიზნული ჩაგვრის და სისხლისღვრის შედეგად საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში ქართველობის თითქმის მთლიანად ამოვარდნა გამოიწვია, მრავალი გალეკდა, მრავალი სხვა კუთხეში გაიხიზნა, ძალიან ცოტა დარჩა ისეთი, ვინც რჯული არ დათმო და ქართველობის შენარჩუნებაც მოახერხა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს აღმოსავლეთი კედელი მოეშალა, ლეკებსაც ხელ-ფეხი უფრო გაეხსნათ თარეშისათვის, ამის შემდეგ უფრო ღრმად იჭრებოდნენ ქართულ ტერიტორიებზე. მიუხედავად ქართლ-კახეთის მეფეების დიდი მცდელობისა, მათი თარეშის ალაგმვა მაინც ვერ მოხერხდა. შემოსევები ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ შეწყდა. ქართველობა ითხოვდა ლეკთა თარეშის აღკვეთას და ქართული მიწა-წყლის დაბრუნებას. თუმცა თავდაპირველად რუსეთის იმპერია მაინცდამაინც დიდ მონდომებას არ იჩენდა ლეკთა ასალაგმად. მათ ჭარ-ბელაქნის თემებს პოლიტიკური შეუვალობაც კი მიანიჭეს. რუსეთის იმპერიამ ლეკთა წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების გატარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლეკები უკვე რუსული არმიის ნაწილებზე თავდასხმასაც აღარ ერიდებოდნენ და ამავდროულად ირან-ოსმალეთის წაქეზებით სრულ დაუმორჩილებლობას აცხადებდნენ.

ლეკთა თვითნებობას ბოლო 1830 წლის 17 თებერვალს მოეღო, როდესაც გენერალი პასკევიჩი ჯარით დაიძრა ჭარ-ბელაქნისკენ და სრულიად დაიკავა იგი. ამის შედეგად იმპერიის ხელისუფლებამ გააუქმა ჭარ-ბელაქნის პოლიტიკური შეუვალობა, ასევე ელისეს სასულთნო და მათ ტერიტორიებზე ჩამოყალიბდა ჭარ-ბელაქნის ოლქი.

ამ მოვლენების მიუხედევად სასიკეთო ძვრები არ მომხდარა ქართველთა სასარგებლოდ. არ შესრულდა ქართველთა მოთხოვნები, ქართული მიწების ლეკთაგან გასათავისუფლებლად და ქრისტიანების აღდგენის მხრივაც. 1840 წელს ჭარ-ბელაქნის ოლქი, ბელაქნის მაზრის სახელწოდებით საქრთველო-იმერეთის გუბერნიას შეუერთდა, თუმცა 1842 წელს იგი გამოყვეს და ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი უწოდეს. ამ უკანასკნელმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლკის შექმნამდე იარსება, ხოლო საქრთველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ის საქართველოს შემადგენლობაში შემოვიდა 1921 წლის 15 ნოებრამდე. 1921 წლის 5 ივლისს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს სსრ და აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკების წარმომადგენელთა კონფერენცია, რომელზეც განიხილეს სასაზღვრო ზოლის საკითხი, იმავე წლის 15 ნოემბერს კი საქართველოს სსრ და აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვრების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს სსრ რევკომის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარემ ბუდუ მდივანმა და აზერბაიჯანის სსრ-ს იმავე უწყების თავმჯდომარემ მურხატარ გაჯიზადემ. ამ შეთანხმების თანახმად ზაქათალის ოლქი (ყოფილი ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი), ყარა გარეჯის საძოვრები აზერბაიჯანის სსრ-ს გადაეცა.

ასე აღმოჩნდა საბოლოოდ საქართველოს ეს ისტორიული კუთხე მის საზღვრებს გარეთ. ასეთი ბედი ერგო საქართველოს ამ ულამაზეს და ძირძველ კუთხეს, რომელიც მთელი ისტორიის მანძილზე ქართული სამყაროს სისხლსა და ხორცს წარმოადგენდა მიუხედავად იმისა, იყო ის თუ არა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში. ტრაგიკული ისტორიის მანძილზე აქ მრავალჯერ ამოვარდა ქართული მოსახლეობა, თუმცა XVI საუკუნიდან დაწყებულმა ლეკიანობამ, უცხო ტომელების ჩამოსახლებამ და ირანელთა ლაშქრობებმა თითქმის გაქრობამდე მიიყვანა აქაური ქართველობა. რაც ყველაზე მძიმეა ისევ ქართველთა ღალატით, გულგრილობით და დაუდევრობით მამა-პაპათა სისხლით ნარწყავი მიწა ისევ უცხო ტომელთა ხელში დარჩა.

დღეს ქართველები საინგილოს სამივე რაიონში მკვიდრობენ, თუმცა ქრისტიანები მხოლოდ კახის რაიონის რამდენიმე სოფელში არიან და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ცდილობენ ქართული ადათ-წესებისა და სარწმუნოების შენარჩუნებას, არ ივიწყებენ ქართულ ენას და თავსაც ნამდვილ ქართველებად მიიჩნევენ, ისინი ხომ ბოლონი არიან, ვინც საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში ქართულ სულს აცოცხლებენ.

საინგილო (ვიკიპედია)

საინგილო, მხარე ფეოდალური ხანის საქართველოში, ისტორიული კახეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, თანამედროვე აზერბაიჯანში. მოიცავს ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას. ტერმინი „საინგილო“ XIX საუკუნეში დამკვიდრდა ინგილოებით დასახლებული მხარის აღსანიშნავად. გამაჰმადიანებულ ქართველს ინგილოს ეძახდნენ, რაც თურქულად “ახლად მორჯულებულს” ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელები “ინგილო” და “საინგილო”.

საინგილო შედგებოდა (კაკ-ენისელი) და ელისუს სასულთნოსაგან. საინგილოს ტერიტორია ადრინდელ საუკუნეებში ძველი ქართული პროვინცია ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუს დასაწყისში ადმინისტრაციულად მაჭის საერისთავოს ფარგლებში მოექცა. XVI-XVII საუკუნეებში პოლიტიკური ცვლილებებმა კახეთის სამეფოში, ოსმალეთისა და სპარსეთის გამუდმებულმა აგრესიამ და დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმებმა ამ მხარის ეკონომიკური და პოლიტიკური დაცემა გამოიწვია, ნადგურდებოდა მკვიდრი ქართველი მოსახლეობა, მის ადგილზე სახლდებოდნენ წახურელი და ავარიელი ლეკები. ერთდროულად ხდებოდა ქართველი მოსახლეობის დაყმევება და გამაჰმადიანება. დროთა ვითარებაში საინგილო საერთოდ მოსწყდა კახეთის სამეფოს. XVIII საუკუნის I მეოთხედში აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავარიელი (ჭარი, ბელაქანი, კატეხი, თალა, მუხახი, ჯინიხი) და წახურელები (წახური, ელისუ, სუვაგილო და ყარადულაკი) ლეკების ე. წ. თავისუფალი თემები. კახეთის მეფეების მრავალი ცდა გაეთავისუფლებინათ აღმოსავლეთ კახეთის მიწები, უშედეგოდ მთავრდებოდა. 1803 წელს ჭარ-ბელაქანი და ელისუს სასულთნო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შევიდა. 1830 წელს ცარიზმა გააუქმა მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა და შექმნა ჭარ-ბელაქნის ოლქი, მის ბაზაზე კი 1840 - ბელაქნის მაზრა, რომელიც ადმინისტრაციულად საქართველო-იმერეთის გუბერნიაში შევიდა. 1842 წელს იგი კვლავ ცალკე ოლქად გამოიყო, ხოლო 1844 წლიდან ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი გახდა. 1860 წლიდან იგი ზაქათალის ოკრუგად იწოდებოდა და ექვემდებარებოდა დაღესტნის ოლქს. ამავე დროს ყოფილი ელისუს სასულთნოს მთიანი ნაწილი ე. წ. მთიანი მაღალი, შეუერთდა სამურის ოკრუგს. 1921 წლიდან აზერბაიჯანის სსრ ფარგლებშია.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საინგილო მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას.

воскресенье, 1 января 2012 г.

ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოები

ერეკლე მეფეს ომი ჰქონდა ჭარის ლეკებთან და ძლიერ დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ თავისი ჯარით უკან გამობრუნდა მეფე, ორმოცდაათი წლის ვაჟკაცი, მშვენიერს ბედაურზე იჯდა და წინ მოუძღოდა ჯარსა. ჯარი, გრძლად და ლამაზად დამწკრივებული, ფეხდაფეხ მისდევდა მეფესა. გზა საინგილოზე მიდიოდა. ერეკლე შემოვიდა ერთს განიერს ორღობეში, რომლის აქეთ-იქით ჩამწკრივებული იყო დიდრონი ვენახები და ბაღები, სავსე დამკრახული და დაბრაწული ხილითა.

უცებ მეფეს თავზე ვიღაცამ გადმოაყარა მთელი ბღუჯა ქლიავი. გაოცებულმა მეფემ თავისი ბედაური შეაყენა. გაჩერდა ჯარიცა. მიიხედ-მოიხედეს და იქვე ვენახის ღობესთან დაინახეს ვეებერთელა ქლიავის ხეზე თორმეტიოდე წლის ინგილო გოგონა, რომელსაც ქლიავი ესროლა მეფისთვის.

მხლებელნი მეფისა წამსვე ჩამოიჭრნენ ცხენებიდან, აცვივდნენ ღობეზე და შეჰყვირეს პატარა ქალსა: „შე ბრიყვო, შე საძაგელო, ეს რა ჰქენი? მეფე ერეკლეს თავზე ქლიავის გადმოყრა როგორ გაბედე? ჩამო ეხლავ ხიდან და ბოდიში მოითხოვე მეფის წინაშე, თორემ შავი დღე დაგადგება“.

- რაო? მეფე ერეკლეო? - განცვიფრებით ჩამოსძახა ზევიდან გოგონამ. - რას ამბობთ? ეგ რომ ჩვენი სახელოვანი მეფე ერეკლე იყოს, განა სპარსულს ქუდს თავზე დაიხურავდა? არა, ეგ ტყუილია. მე ქლიავი თავზე გადმოვაყარე სპარსელს, ჩვენს მოსისხლე მტერსა და არა მეფე ერეკლეს, რომელიც ყველა ქართველს ღმერთივით გვიყვარს და თქვენ სულ ტყუილად მემუქრებით. არც ძირს ჩამოვალ და არც ბოდიშს მოვიხდი. და უფრო მაღლა წავიდა ხეზე.

ეს პასუხი გაიგონა მეფე ერეკლემ, გულიანად გადაიხარხარა, მოიხადა სპარსული ქუდი, რომლის ტარებას დაეჩვია ყმაწვილობაში, სპარსეთში ყოფნის დროსა, დაანახვა თავისი მშვენივრად მოყვანილი ქართული თავი და შესძახა პატარა ქალსა: „ყოჩაღ, ქალო! სრულიად მართალი ხარ. სპარსული ქუდი სწორედ რომ არ უნდა მეხუროს მე. ქართველი მეფე გარეგნობითაც, ტანისამოსითაც ქართველი უნდა იყოს. კარგი, ჩინებული დარიგება მომეცი შენ მაგ ქლიავის სროლითა. ბარაქალა შენს ქართველ ქალობასა!“

ამასთან ერეკლემ იკრა ჯიბეზე ხელი, ამოიღო მთელი ბღუჯა თეთრი ფული, მისცა თავის მხლებლებს და უბრძანა: „საჩუქრად მიეცით ეს მაგ სამაგალოთო ქართველ გოგოცუნასო“.

გოგო ახლა კი მიხვდა თავის შეცდომას და შეწუხდა ძლიერ, საჩუქარი შორს დაიჭირა, ცივს უარზე დადგა, მაგრამ მხლებელმა უთხრა მოსარბილებლად: „განა მეორედაც გინდა აწყენინო მეფესა? მეფის წყალობაზე უარის თქმა ვის გაუგონია? თუ გსურს, შენი შეცდომა გაასწორო და ერეკლე მეფეს აამო, ეს ფული მიიღე საჩუქრადა“.

მაშინ კი გოგო დაეთანხმა, ზევიდან ქვემო ტოტზე ჩამოვიდა, მოსწვდა ძირსა, გამოართვა ფული და ჯიბეში ჩაიჩხრიალა; მერმე შურდულივით ავარდა ქლიავის კენწეროზე, კარგად გამოჩნდა, გასწორდა ტოტზე, მეფეს დაბლა დაუკრა თავი და წკრიალა ხმით გადმოსძახა: „მეფე ერეკლეს გაუმარჯოს!“

„ქართველ ქალსაც გაუმარჯოს!“ - შესძახა მამობრივი ხმით მეფე ერეკლემ, დასძრა თავისი ბედაური და ჯერ კიდევ თავმოხდილი გაუძღვა ჯარსა. ჯარი, ამაყი თავისი მამაცი მეფით და თავისი ვაჟკაცობით, უკან მისდევდა მწყობრად და თანაც აგუგუნებდა მშვენიერს ქართულს სიმღერასა. ქართველი ქალი კი იდგა ამართული ქლიავის კენწეროზე, თვალს არ აშორებდა მიმავალს მეფესა და მის ჯარსა და, შეწყდებოდა თუ არა სიმღერა, ჰაერში გაისმოდა მისი ზარივით ხმა: „მეფე ერეკლეს გაუმარჯოს!“ „ქართველ ჯარს გაუმარჯოს!“ ამ სახით იდგა ქართველი ქალი დიდხანს და გრძნობდა იმისთანა სიხარულს, იმისთანა ნეტარებას, რომელიც წინათ სიზმრადაც არ მოსჩვენებია. ქალს უზომოდ ახარებდა ნახვა სანატრელის მეფისა, მასთან საუბარი, მისი მამობრივი ქება, მისი მეფური საჩუქარი. ქალი, სიხარულით დამთვრალი, ჩამოვიდა ხიდან მხოლოდ მაშინ, როდესაც შორეულმა ნისლმა დაჰფარა მეფეცა და მისი ჯარიცა.

მაგრამ ამ ადგილიდან ქალს წასვლა აღარ უნდოდა. ის სიყვარულით შესცქეროდა ხან იმ ადგილს, სადაც მეფე ერეკლე ედგა და ელაპარაკებოდა და ხან ქლიავის ხესა, რომელთანაც იმ დღიდან შეერთდა, შეხორცდა მის გონებაში ბედნიერი წამი, უტკბილესი შემთხვევა. ერთი საათის წინათ უბრალო ხეხილი ახლა ამ პატარა ქალის თვალში გადაიქცა გულითად მეგბრად, ძვირფას მოკეთედ, თითქმის კეთილ სულიერად გადაიქცა სამუდამოდ, საუკუნოდ.

ბოლოს გოგოცუნა გამოფხიზლდა ჭარბი სიხარულისგან, მოაგონდა თავისი დედ-მამა და მოჰკურცხლა შინისაკენ, რათა ეხარებინა მათთვის თავისი საარაკო ბედნიერება. II

გავიდა რამდენიმე წელიწადი. ერთს ინგილო გლეხს თავის დარბაზში ქორწილი ჰქონდა გაჩაღებული. დედოფლად იყო ჩვენი ნაცნობი ინგილო ქალი, ახლად შეღერებული და ისეთი ეშხიანი, რომ კაცი თვალს ვერ მოაშორებდა. მის ჭკვიანსა და მიმზიდველ სახეზე თამაშობდა, ბრწყინავდა სხივი პირველის ქალწულებრივის სიყვარულისა. ეს სიყვარული აენთო უმანკო ქალის გულში ერთს საუკეთესო ინგილო ვაჟკაცსა, რომელიც მას გვერდს უმშვენებდა. ამასაც პირისახეზე ცხადად ჰქონდა აღბეჭდილი ნეტარება პირველის უმანკო სიყვარულისა. პირველის წმინდა სიყვარულს უმანკო ქალისას პასუხს უგებდა, ბანს აძლევდა პირველი და წმინდა სიყვარული უმანკო ვაჟისა. „ფერი ფერსა მადლი ღმერთსა“, ფიქრობდა და ამბობდა ყველა, ვინც კი ამ მეფე-დედოფალს ერთად ჰხედავდა.

დაიწყო თუ არა საქორწილო ლხინი, თამადამ ბრძანების კილოთი წარმოსთქვა ხმამაღლა: „სმენა იყოს და გაგონება! ეს ღმერთმა აცოცხლოს და ადღეგრძელოს ჩვენი გმირი მეფე ერეკლე, გამარჯვება ნუ მოაკლოს ლეკებზე, სპარსელებზე, ოსმალებზე, სამხრეთსა და ჩრდილოეთზე“. „ადღეგრძელოს, ადღეგრძელოს!“ - შესძახეს ისეთი აღტაცებით სტუმრებმა, რომ კაცს შეეშინდებოდა, ჭერი არ ჩამოინგრესო.

სწორედ ამ წუთს უცებ გაიღო დარბაზის კარები, შევიდა ერთი უცხო ვაჟკაცი, მშვენიერს ტანისამოსში გამოწყობილი, და სალამი მისცა: „აგაშენოთ ღმერთმა და აბედნიეროს მეფე-დედოფალი!“ მერმე სთქვა: „რა ჩინებულს დროს მოვედი და მე გამომგზავნა მეფე ერეკლემ და მიბრძანა: „ეს საჩუქარი მიართვი იმ ინგილო ქალსა, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ მთელი მუჭა ქლიავი უთავაზა ჩემს სპარსულს ქუდსაო“, და გადასცა დედოფალს ვეებერთელა ქისა, სავსე ბაჯაღლო ოქროებითა. მზითევიც გამომატანა და აი კიდეც მოაქვთო, და ამ დროს კარზე მოადგათ რამდენიმე ურემი, დატვირთული მშვენიერი მზითვის ნივთეულობითა.

დატრიალდა ისეთი სიხარული, ასტყდა ისეთი ქება და დიდება ერეკლესი, მისი კაცთმოყვარეობისა, რომ არც ენით ითქმის და არც კალმით აიწერება სავსებით. არ დარჩა არც ერთი ლექსი იმ მრავალ სადიდებელ ლექსთაგანი, რომელნიც ერეკლეზე იყვნენ გამოთქმულნი, რომ არ ემღერნათ სტუმრებს უსაზღვრო აღტაცებით. მღეროდნენ კაცნიც, ქალნიც, დიდნიც და პატარანიცა და ადიდებდნენ მეფე ერეკლესა. მეტადრე დედოფალი სამოთხის ნეტარებასა გრძნობდა. ისე მზითევი არ ახარებდა, როგორც ყურადღება სათაყვანო მეფისა.

გავარდა ფიცხლავ ეს ხმა მთელს საინგილოში და ყველა ინგილო ქალი თუ კაცი, მზითევის გაგზავნას მეფისაგან საკუთარ, პირად ჯილდოდ სთვლიდა, მთელის საინგილოს დასაჩუქრებლად მიაჩნდა. და ეს განაპირა კუთხე საქართველოსი მთლად აივსო მხურვალე მადლობითა და უზომო ერთგულებით მეფისადმი. III

ამის შემდეგ განვლო კიდევ ოცდახუთმა წელმა. კრწანისის ველზე თბილისის პირში საშინელი ომი იყო. ხუთი ათასი ქართველი ებრძოდა სამშობლოს დასაცველად სამოცდაათიათას სპარსელსა. ოთხმოცი წლის ერეკლე მეფე, ჯერ კიდევ მხნე და გულადი, ლომივით იბრძოდა და თავს სრულიად არ ზოგავდა. მისი სიცოცხლე ყოველ წამს საფრთხეში იყო. ხან მის ახლო, ხან მის გვერდით, ხან მის წინ იბრძოდნენ, სხვათა შორის ორნი რჩეულნი ვაჟკაცნი, რომელნიც თავისი საოცარი სიმამაცით, თავისი თავგანწირულობით მეფისათვის, ყველას ყურადღებას იპყრობდნენ, ყველას აკვირვრებდნენ, არა ერთხელ აქციეს მათ უკან მტერი, მეფეზე მოსული, არაერთხელ მიუშვირეს მათ საკუთარი მკერდი მტრის ტყვიასა და ხმალს, მეფისათვის დამიზნებულს, არა ერთს სპარსელს დაუბნელეს მზე. მაგრამ თავისი სიცოცხლე კი შესწირეს მეფესა და საქართველოს. ეს ორივენი დაიხოცნენ კრწანისის ველზე გმირულის სიკვდილით მეფე ერეკლეს თვალის წინ.

ვინ იყვნენ ეს ნორჩნი ვაჟკაცნი?

იგინი იყვნენ უფროსი ვაჟიშვილები ჩვენი ნაცნობი ინგილო ქალისა და ნათლულნი თვით მეფე ერეკლესი.

დედას მალე მოუვიდა საინგილოში ამბავი: შენმა შვილებმა დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინეს, არა ერთხელ გადაარჩინეს სიკვდილს თავისი ნათლია მეფე, მრავალს სპარსელს დაუბნელეს მზე და თავი შესწირეს მეფესა და საქართველოსაო.

„ვმადლობ, მხურვალედ ვმადლობ უფალსა, რომ მან აღირსა ჩემს შვილებს გმირული სიკვდილი, სიკვდილი სახელოვანი მამულიშვილებისა“, - წარმოსთქვა დედამ იმისთანა ხმით, რომელშიაც დიდ ნუგეშთან უღრმესი და უმწარესი დედობრივი სიმწუხარე ცხადად ისმოდა. „ტყუილად კი არ მძულდნენ პატარაობიდანვე სპარსელები ისე ძლიერ, რომ მზად ვიყავი, ყოველს მათს დანახვაზე ზედ შევკვდომოდი. გული თითქოს მაშინვე მეუბნებოდა, რომ ეს მტარვალები შენცა და შენს საქართველოსაც დიდს უბედურებას მიაყენებენო და აჰა წინათგრძნობა გულისა მთლად ამიცხადდა“.

„მაგრამ, ნუ გაუხარდებათ მტრებსა“, - განაგრძო სამაგალითო დედამ: - „ღვთის წყალობით, მე კიდევ მყავს ოთხი ვაჟი და ორი ქალი. მე მათ დავზრდი უფრო უკეთესს, უფრო გულმხურვალე მამულიშვილებად და ისინი სხვა ქართველი დედების აღზრდილ მამულიშვილებთან ერთად გადაუხდიან მტერს სამაგიეროს და ჩვენს საქართველოს დააყენებენ ბედნიერს გზაზე“.